ქუჩის ხელოვნების სუბიექტური ისტორია გორში

2007 – 2008 წლებში ჩემი სამეგობრო, რომელშიც ვერთიანდებოდით მაშინდელი აუთსაიდერები და სოციუმიდან მეტ ნაკლებად განზე მდგომი თინეიჯერები, ვიკრიბებოდით თეატრის გვერდით, ქუჩებიდან მოფარებულ სივრცეში, სახელიც შესაბამისი დავარქვით “საბომჟეთი”. მანდ ჩავიდინეთ ჩვენი პირველი ვანდალიზმი და სვეტებზე დავწერეთ, დავხატეთ, ამოვფხაჭნეთ დავბღაჯნეთ ისეთი რაღაცები რაც გვაწუხებდა, გვაფიქრებდა, გვტკიოდა იმ დროს.

სამთავიანი კატა, ჩვენი სამი მეგობრის სიმბოლო იყო, ..B.. OzzY ..sH.. ერთ-ერთ სვეტზე დღემდე შემორჩა “ყარტლი” ხელმოწერა ჩევნი გარდაცვლილი ძმაკაცის, “ზოგ მინიშნებას ახლა ვეღარც ვხვდები “დედა გთხოვ ნუმიყვირი” “ყრჯო” “FREE” და ა.შ.

ამ პერიოდიდან მაინტერესებს კედლის წარწერები, მაინტერესებს რაზე ფიქრობენ, აწუხებთ, სტკივათ, გრძნობენ ადამიანები. ფოტოაპარატის ყიდვისთანავე დავიწყე იმ ტექსტების გადაღება რაც მხვდებოდა ქალაქში. აღბეჭდვა იმისა თუ რას ამბობს ქალაქი, რაზე ლაპარაკობს, რას გამოხატავს, რას აპროტესტებს, რა კვალის დატოვებას ცდილობენ ადამიანები.

დიდი ფანტაზიით ვერ გამოვირჩეოდით ვერც ჩვენ და ვერც სხვა გორელი “ვანდალები” უმრავლეს შემთხვევაში სკაბრეზული წარწერები, სასიყვარულო შეტყობინებები, ბენდების სახლები, პოლიტიკური მესიჯები მხვდებოდა და იშვიათ შემთხვევებში ძალიან პირადული, იუმორნარევი ტექსტებიც გამოერეოდა.

მაქვს ჩემი ფავორიტები პერსონალურ შეტყობინებებსა და დიალოგის ჟანრში:

ქვეყანაში გრაფიტ, მურალ და სთრით არტ კულტურის განვითარების პარალელურად გორს არ ეტყობოდა ამ სფეროთი დაინტერესება, არ შექმნილა რაიმე ავთენტური, მნიშვნელოვანი, ღირებული ნამუშევარი. პერიოდულად გვხვდებოდა სამოქალაქო თუ სახელმწიფო დაკვეთით შესრულებული “პროპაგანდისტული” სტენსილები (გაგოშას ყვავილებიანი ტანკი, ახალბაღში “თანასწორობა”, ჩაგრული ქალი და სხვ.) რომლებიც არსებითად არაფერს ნიშნავდა და ვერც ვერაფერს ცვლიდა.

რამდენიმე საინტერესო ნამუშევარი გორის ახალგაზრდული მოძრაობა “დროა”-ს ფარგლებშიც გავაკეთეთ, მოხატული ზებრები, მიწისქვეშა გადასასვლელები და ანტისაოკუპაციო ნამუშევარი “დამოუკიდებლობის ფასი” რომელიც მოიხატა რუსული კასეტური ბომბის მიერ დაზიანებულ კედელზე

2022 წელს ხელოვნების სახლმა ადგილობრივი ახალგაზრდები შეკრიბა და მიწისქვეშა გადასასვლელში შექმნა 2 ფერადი კედელი, დამოუკიდებელი ნამუშევრებით. რომლებიც არ იყო რაიმე იდეოლოგიით ნაკარნახევი, სრულად შემოქმედებითი თავისუფლება.

აქაც არის ერთი “მაგრამ” – პროექტი დაფინანსებულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსების პროგრამით, ნამუშევრები უფრო მხატვრულია, ესთეტიურად მომხიბვლელია და დაცლილია პროტესტისგან და პოლიტიკისგან, რაც ჩემი აზრით ქუჩის ხელოვნების მთავარი ღირებულებაა. კარგი ის იყო რომ ერთ პროექტზე იმუშავა დიდმა ჯგუფმა . გამოხატეს საკუთარი თავი, ინტერესები, პერსონალური გამოცდილებები და შექმნეს ტურისტულად მიმზიდველი წერტილი დაბინძურებული, დანგრეული მიწისქვეშა გადასასვლელის ადგილზე.

მთავარი ამბავი კი 2023 წელს დაიწყო, ზუსტად არ მახსოვს ერთბაშად აფეთქდა თუ ნელ-ნელა მაგრამ ფაქტია რამდენიმე ჯგუფი გამოჩნდა ვინც დაიწყო კედლებზე თაგების გაკეთება. ასე თუ ისე კონცეპტუალურად გამართული, იქნება ეს კულტურულ/პოლიტიკური “ამბო?ი” თუ ჯერაც ჩემთვის უცნობი კონცეფციის მატარებელი “თვალი”. თვალისმომჭრელად ფერადი “RUSH” და ძალიან ჩაკეტილი MESK (რომელსაც ინსტაგრამზე უწერია “Im writing beacuse nobody listens.” – მეტიც არაფერია მათზე მოსაყოლი.)
ძალიან მაინტერესებს რამ გამოიწვია პროცესების აჩქარება, ნამდვილი თავგადასავალი იყო ამ ზამთარს მათი ინსტაგრამ გვერდებისთვის თვალის დევნება, რაღაც დოზის კონკურენცია ერთმანეთში, სრულიად განსხვავებული ხელწერა, სათქმელი, ე იყო რამდენიმე გამოწვევის მცდელობაც.

თუ არ ვცდები მათ შორის პირველი თვალი 223 იყო, ხშირად მხვდებოდა ქუჩაში პატარა თაგები “თვალი” ელექტრო მრიცხველების ყუთებსა თუ საგზაო ნიშნებზე მაგრამ დიდად ყურადღება არ მიმიქცევია სანამ ეს ვიდეო არ შემხვდა ინსტაგრამზე, მგონი უმრავლესობამ ამით გავიცანით ანონიმი არტისტი:

მახსოვს მაგ დროს მარტო ერთი კითხვა გვქონდა: ვინ არის “თვალი”, პასუხი ჯერაც არ გვაქვს და არც ის წყვეტს ახალ ახალი გრაფიტების გაკეთებას და ვიდეო არტების დადებას ინსტაგრამზე რომლის BIO-შიც უწერია “modern society is faceless, so wrote our names to exist.” რაც ნაწილობრივ გასაგებს ხდის მის კონცეფტს.

ხშირად ისმის კრიტიკა მის მიმართ რომ კულტურული მემკვიდრეობებს აზიანებს, ესთეტიკას და გრაფიტის მხატვრულ მხარეს უწუნებენ, პირველ ნაწილზე მეც ვფიქრობ რომ ლეგიტიმური აზრია, არქიტექტურული ძეგლი “ცოდოა” ქვას რთულად შორდება სპრეი საღებავი და კონცეპტუალურადაც არ მართლდება, ქალაქში ამდენი მოსახატი კედელი დადის და რაღა მაინცდამაინც 80 წლის უნივერმაღი ან უფრო ძველი თეატრი უნდა მითვალო, მაგრამ აბა მე რა მეთქმის, მხატვრულ მხარეს რაც შეეხება, რავიცი გრაფიტია რენესანსი ხომ არაა. ინსტაგრამ გვერდს თუ გამოიწერთ აღმოაჩენთ საინტერესო არტისტს რომელიც მხოლოდ გრაფიტით არაა დაინტერესებული, ხშირად გვიზიარებს გეტოებში სეირნობის კადრებს და აღმოგაჩენინებთ ქალაქის დაკარგულ ადგილებს.

და შემდეგ იყო “_skruli_ არტისტების ვანდალური გაერთიანება” თეგებით: ამბო?ი და ცეცხლი.

უნდა ვაღიარო, ეს ჩემი საყვარელი პროექტია, ოღონდ მართლა ჩემი, ჩვენი, ხელოვნების სახლის ჯგუფის. 2018 წელს გავაკეთეთ მიწისქვეშა გადასასვლელში. დიდი ყურადღება არ მიუქცევია, არც დისკუსია დაწყებულა საკითხზე და არც არაფერი, ჩვენს ინსტაგრამის გვერდებზე შემორჩა ერთი ორი პოსტი და ეგ იყო და ეგ

სანამ არ დადგა 2023 წელი, ჩვენთვის უცნობმა ახალგაზრდება არ იპოვნეს ეს ნამუშევარი და ახალი სიცოცხლე არ შთაბერეს (მავანი იტყვის დამთხვევაა, არც ისე ორიგინალური იდეააო და იგონებთო მაგრამ მათ ინსტაგრამზე ტექსტიც გადატანილია რაც დამთხვევის ალბათობას ამცირებს ^_^)

წერენ ყველგან და ყველაფერზე, არ აინტერესებთ მიტოვებულია შენობაა თუ უნივერსიტეტია. წერენ ღამით, ჩუმად, ვფიქრობ ინდივიდუალური სტილითაც – ისე როგორც ნამდვილ მეამბოხეებს შეეფერებათ და ცდილობენ მოიპოვონ მხარდამჭერები, თანამოაზრეები, თანავანდალები. ხო ხატავენ და ასევე აფრქვევენ ცეცხლებს

რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს მათ მეამბოხე ხასიათზე. იმედი მაქვს ბევრი შეუერთდება კულტურულ ამბოხში, გადაწვავენ ჩამპალ საზოგადოებრივ ნორმებს, იპოვნიან მეტ თავისუფლებას

მომწონს მათი პოლიტიკური მგრძნობელობა, არიან თანადროულობი, ბასრები და არც იუმორი აკლიათ. აგენტების კანონის სარეკლამო პლაკატებს იმავე საღამოს გამოეხმაურნენ ჯერ ინსტაგრამ სთორიზე და გამოიწვიეს სხვა CREW-ები, მერე კი წითელი საღებავითაც შემოურბინეს ქალაქს ^_^

ერთიანობაში დასაფასებელია მათი პოლიტიკური განაცხადები, საინტერესო თეგები, საკუთარ კულტურულ ფესვებზე დაყრდნობით ახალი პროდუქტის შექმნა, პატივისცემა ძველისაც და ახლის, განსხვავებულის, მნიშვნელოვანის შექმნის სურვილი, ყველაფერი აქვთ დროსთან ერთად მნიშვნელოვან არტისტებად რომ ჩამოყალიბდნენ არა მხოლოდ ლოკალური სცენისთვის არამედ მთლიანი ქვეყნის მასშტაბით.

ახლა უნდა გაგაცნოთ rushsh_1 ყველაზე ფერადი, საოცარი და ცოტა უცნაური CREW. უნდა ვაღიარო მათ გამო გადავწყვიტე ამ ბლოგის გაკეთება.

პირველად მაშინ შევამჩნიე ხელოვნების სახლის გვერდით, ლომჭაბუკის სკვერში მელია რომ დახატეს, მერე რომ გადაღებეს და ახლიდან სხვა რაღაცის დახატვა დაიწყეს, მერე ისიც გადაღებეს და კიდე რაღაც დახატეს, გაოცებული ვუყურებდი ყოველ დღე ახალ ნამუშევარს და ვფიქრობდი ნეტა რა უნდათთქო.

იმედია დასრულდება ოდესმე ::)

მაგას მოყვა ფერადზე ფერადი და ლამაზზე ლამაზი “აფეთქება” ეგრევე გამოჩნდა რომ საქმე ენთუზიასტ ვანდალებთან კი არა მხატვრებთან გვქონდა და ვიცოდი მეტის იმედი უნდა მქონოდა მათგან.

დიდი ხანი არ გვალოდინეს “აფეთქებას” მოაყოლეს “გიხარია?” ცოტა დამაბნეველი კითხვაა, არ ჩანს არც აღწერაში არც იმ დღის კალენდარში რამე ისეთი მოვლენა რის გამოც ამას გვკითხავდნენ, რავიცი იქნებ უბრალოდ კითხულობენ გიხარიათ არსებობოა? გიხარიათ დღე რომ გათენდა? გიხარიათ ეს ფერადი გრაფიტები რომ გხვდებათ?
მე კი მიხარია ასეთი ხალხი ქალაქში, ვინც კითხვებს სვამს და ცოტა საფიქრალს გაგაყოლებს.

მერე იყო რამდენიმე გრაფიტი, დადეს და აიღეს ინსტაგრამიდან, ალბათ სწრაფად ეცვლებათ გემოვნება, მიმართულება, კონცეფცია ან არ ვიცი მიზეზი

დაა ბოლოს დაიდო ნამდვილი წიგნი, ლექსი, კინო, სიმფონია, “წეცვალე” ამბავი რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს ალბათ მთელი ქართული ქუჩის ხელოვნების ისტორიიდან.

ემოჯებით მოყოლილი დილის ამბავი ❤

არ ვიცი ხუმრობენ თუ არა ტექსტში, მართლა მასე მოხდა თუ წინასწარი ჩანაფიქრი ქონდათ, თვითნ შეცვლის გაგებაც შეეცვალათ და გამხდარიყო წეცვლა. მართლა არაფერი არ ვიცი ზუსტად რა და როგორ მოხდა მაგრამ ის ვიცი რომ ყველაზე გაუბედურებული, დანგრეული, ორგანული თუ საყოფაცხოვრებო ნარჩენებით სავსე მიწისქვეშა გადასასვლელი წეცვალეს. იმედი მაქვს მასთან ერთად ქალაქში კიდევ ბევრ რამეს წეცვლიან, ნამდვილად არ გვაქვს ცვლილებების საჭიროების ნაკლებობა.

ამ სამ ჯგუფს ქონდათ ერთმანეთის გამოწვევის მცდელობები, კოლაბორაციების იდეები, ჯერ-ჯერობით რაღაც მნიშვნელოვანს არ შევხვედრილვარ და ვისურვებდი მარველის გმირების გაერთიანებასავით მენახა გორელი გრაფიტ არტისტების გაერთიანება და რაღაც მნიშვნელოვანი სათქმელის ნახვა მათი ნამუშევრებით. ძალიან მნიშვნელოვანია სფეროს განვითარება ისეთ პატარა ქალაქში როგორიც გორია. მნიშვნელოვანია ახალგაზრდებმა გამოიყენონ გამოხატვის თავისუფლების უფლება, ილაპარაკონ და ალაპარაკონ კედლები, ნამდვილი ცვლილებები ალბათ ასე იწყება, თავსუფალი, მეამბოხე, თინეიჯერების სურვილით წეცვალონ ყველაფერი რაც ყარს. მნიშვნელობა არ აქვს აპირებენ თუ არა ამ ქალაქში ცხოვრებას მომავალში აქ და ახლაა ცვლილებების დრო და ვინ თუ არა ახალგაზრდები.

P.S. არ შემეძლო არ მეხსენებინა პატარ-პატარა ნახატები ქალაქში რომლებიც ძალიან მიყვარს, მათ შორის სტალინის მუზეუმის წინ კვარცხლბეკზე კატა, მიწისქვეშა გადასასვლელში, მეტალოპლასტმასის ჯიხურის კარზე დახატული სამურაი ჯეკი, მტირალა პაკმენები სასაფლაოს გზაზე, მეორე სკოლასთან, გაზგასამართი სადგურის აჭრელებული კედელი და ა.შ. იმედი მაქვს უფრო გამრავლდება ეს თითზე ჩამოსათვლელი მარგალიტები. გორი უკვე არის ქალაქი სადაც თანამედროვე ხელოვნება ცხოვრობს, უბრალოდ ჯერ ძალა აქვს მოსაკრები, გასაზრდელი და გასაძლიერებელია.

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.